ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მულტიმოდალური ტრანსპორტის სტრატეგიული გეგმა

30 ივნისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ სიღნაღის მულტიმოდალური ტრანსპორტისა და მობილობის სტრატეგიული გეგმა განიხილა.

 პროექტი მოიცავს სიღნაღის ისტორიული ურბანული იდენტობის მქონე ტურისტული ცენტრის განახლებას და მიზიდულობის ცენტრად ქცევას.

აღნიშნული სტრატეგიული გეგმა დაფუძნებულია ტურისტულად მიმზიდველი და საქვეითო ქალაქის შექმნაზე, რომლის განხორციელებისთვისაც დიდ როლს თამაშობს გაუმჯობესებული სატრანსპორტო სისტემა, რომელიც როგორც ადგილობრივებს, ასევე, ტურისტებს მარტივად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტის მიხედვით მოხდება საქვეითო და საავტომობილო მოძრაობის რეორგანიზება, ქალაქის ცენტრალური მოედნებზე საქვეითო სივრცეების შექმნა, ცენტრალური ქუჩების ნაწილის საფეხმავლო ზონებად გადაკეთება, პარკირების სისტემის დანერგვა და საპარკინგე სივრცეების დარეგულირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზება, ახალი სალაშქრო ბილიკების ქსელის მოწყობა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი სტრატეგიული გეგმის განხორციელებისთვის საჭირო დეტალების დასაზუსტებლად სამომავლოდ პროექტის ავტორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრას გამართავს.

სტრატეგიული დოკუმენტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უშუალო ჩართულობით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შემუშავდა.

 

გააზიარე