ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოციალურად დაუცველთათვის

მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება

1. ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით მომსახურება გაეწევათ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მაცხოვრებელ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში.

  2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და სრულყოფილ მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს კომისიას განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.

3. უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში ყოველდღიურად კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების მენიუთი გათვალისწინებული საკვები ბენეფიციარებზე გაიცემა წინა დღეს.

4.    სიღნაღის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   მდებარე   უფასო   სასადილოში       ბენეფიციარების შერჩევის და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.

 

მუხლი 3. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება

1. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორია, რომელიც საჭიროებს თვითმმართველობის დახმარებას. სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი გაჭირვებული მოქალაქეები.

2. მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ:

ა) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის, სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის 1001 ლარამდე – არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით;

ბ) 1001 ლარიდან 2001 ლარამდე – არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით; გ) 2001 ლარიდან ზემოთ – არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ: ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

5. დაფინანსების მიღებისათვის ბენეფიციარის მიერ საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება) წარდგენა მერიაში სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებელ სამედიცინო მომსახურებამდე ან, უკიდურეს შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.

6. ის გაჭირვებული მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში განიცდიან მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც დასტურდება მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობითა და კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიიღებენ დახმარებას არაუმეტეს 1000 ლარისა.

7. თუ სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, სხვა სადაზღვევო კომპანიები და მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა რჩება 500 ლარამდე, არ ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.

 

გააზიარე