ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47

სოფელი ანაგა

სოფელი #ანაგა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 400 მ-ზე, სიღნაღიდან 6 კმ-ში მდებარეობს.

ანაგა ქიზიყის კარიბჭედ მოიაზრება. იგი, ასე ვთქვათ, უბატონო მხარის დასაწყისია.

სოფელში ოდესღაც ჩვიდმეტი ტაძარი ყოფილა, დღესდღეობით კი თოთხმეტიღაა შემორჩენილი.

ესენია: ღვთისმშობლის ეკლესია,( XVს) წმ.ბარბარეს ეკლესია,(XVI ს) წმ. ელიასი (VIII-IX) ყველაწმინდის ეკლესია (XII ს) და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (X ს) კვირაცხოველის ეკლესია, (XIს ) აღდგომის ეკლესია (XII ს) წმ.ნინოს ეკლესია (XVI ს) , ჯაგის წმინდა გიორგის ეკლესია( XVI ს) წმ.გიორგის ეკლესია, ( VIII_IX ს) მთავარანგელოზის მოქმედი მამათა მონასტერი, (XVII ს) , ქუდურის ციხე ბურჯი, (XVII ს) ,ხიზანაანთ ციხე ბურჯი, ღვინობაანთ ციხე ბურჯი,(XVI ს) , ბუჭყიაანთ ციხე-ბურჯი, (XVII ს) , ჩირინაანთ ციხე-ბურჯი,(XVI სI) ,ყვავის საყდარი . (XII ს ) თამარის ციხე, ასევე ღვთისმშობლის შობის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია.

მოგეხსენებათ, რომ ყველა ქალაქსა თუ სოფელს დაარსების სხვადასხვა, განსაკუთრებული, ანდაც სულ უბრალო ისტორია აქვს, რომელიც წარსულიდან მომდინარეობს.

ანაგის წარმოშობის შესახებ რამოდენიმე ლეგენდა არსებობს, მათ შორის ყველაზე დამაჯერებელი ეს ორი ლეგენდაა.

,,ჰანაგე” ავადმყოფთა, გაჭირვებულთა თავშესაფარს ნიშნავდა, უწინ თურმე ბევრი ,,ჰანაგე” შენდებოდა, ეს სოფელიც სწორედ მაშინ დაარსებულა. სოფელში საცხოვრებლად ჩამოდიოდნენ არა მარტო ავადმყოფები, არამედ სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი მამულიდან წამოსული ადამიანები. ისინი დიდი რწმენით მოდიოდნენ აქ და ღმერთს გადარჩენას ან გამოჯანმრთელებას სთხოვდნენ. დიდი რწმენით მოსულნი სალოცავებს აშენებდნენ.

მეორე ლეგენდა ხახუშტი ბატონიშილის ისტორიულ ცნობებზეა აგებული. იგი თავის ნაშრომში ,,აღწერა სამეფოისი საქართველოსი” ახსენებს კახეთ-ჰერეთის მებრძოლ გმირს ,,ანაგეს”. ფიქრობენ, რომ ეს სახელი დაედო საფუძვლად სოფლის სახელწოდებას.

სოფელი რამდენიმე დიდი და მცირე უბნებისაგან შედგება.

იოანე ბაგრატიონი ,,ქართლ-კახეთის” აღწერაში სიღნაღის შემდეგ კარდენახსა და ვაქირს შორის თანამედროვე ანაგის ტერიტორიაზე ასახელებს „ბაიდარაანთ“ ანაგას და „როჭიკაანთ“ ღელეს. „ბაიდარაანი“ ამჟამად სოფლის ყველაზე დიდი უბანია. „როჭიკაანთ“ ღელე კი სიღნაღსა და ანაგას შორისაა შეზრდილი, იქ სადაც ახლა ზარიაულის ხევია.

ანაგას ასევე უკავშირდება ბევრი ლეგენდა. ერთერთია ყვავების საყდრის აგების ლეგენდა. იგი მდებარეობს მთავარანგელოზის ხევის მარჯვენა მხარეს. გადმოცემის თანახმად საყდრის ადგილზე გლეხები ყანას მკიდნენ. იქვე (დიდ ქვაბში) სადილი მზადდებოდა. ხორცის ხარშვის დროს, ქვაბში დიდი გველი ჩამძვრალა. როდესაც მუშები

სადილად უნდა დამსხდარიყვნენ, ციდან მოფრენილა ერთი ყვავი და ქვაბში ჩავარდნილა (გლეხები სადილის განაწილებას აპირებდნენ და ქვაბის სახურავი ახდილი ჰქონდათ). ყვავის ნახარშს ვერ შეჭამდნენ, ამიტომ ქვაბი გადმოუპირქვავებიათ და შიგ ჩახარშული გველი უნახავთ. ყვავმა თავი გაწირა და ხალხი მოწამვლისგან იხსნა. გლეხებმა ეს ამბავი სასწაულად მიიჩნიეს და ამის ნიშნად ამ ადგილას ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა სარტყელთან შეუჩერებიათ, რადგან ამ დროს მოფრენილა აუარება ყვავი და მშენებლობის გაგრძელების საშუალება არ მიუცია მათთვის. ამბობენ, ყვავებს იქვე მთავარანგელოზის ხატი აუღიათ და სხვა ადგილზე წაუბრძანებიათო. მშენებლებს ეს უფლის ნებად ჩაუთვლიათ და სარტყელთან შეუჩერებიათ მშენებლობა (ყვავის საყდრის მშენებლობა მართლაც სარტყელთან არის შეჩერებული). ყვავების მიერ დაბრძანებული ხატის ადგილას კი მთავარანგელოზის ეკლესია აუშენებიათ.

სოფელში დაიბადნენ ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი, პოეტი ალექსანდრე ბეგაშვილი, ექიმი და პოეტი შალვა მჭედლიშვილი და კიდევ სხვა ბევრი სახელოვანი ადამიანი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 002 ადამიანი.

#სიღნაღისმერია

 

გააზიარე