ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47

სოფელი მაღარო

სოფელი მაღარო ივრის ზეგანის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე, ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს. სიტყვა ,,მაღარო“ სპარსულად გამოქვაბულს, ღრმულს ნიშნავს. ცნობილია, რომ ალექსანდრე I-ის სიგელში ამ სოფელს ეწოდებოდა „კამბეჩოვანი“, ხოლო 1442 წლიდან „მაღაროს“ სახელწოდებითაა ცნობილი.

მოსახლეობა 1428-41 წლებში შეივსო ფშავიდან ჩამოსული მოსახლეობით, რადგან თემურ ლენგის რვაგზის შემოსევის შემდეგ ბარმა აუნაზღაურებელი ზარალი განიცადა, ამიტომ ხორციელდებოდა მისი შევსება. მე-16-17 საუკუნეებში აქ გაიმართა 18-ზე მეტი ბრძოლა. ამაზე მეტყველებს ადგილის სახელწოდებები, მაგალითად „ნეემარი“.

სოფელში მდებარეობს უძველესი წყაროს წყალი „კელმეჩური“. გადმოცემის თანახმად, 2000 წლის წინ აქ პომპეუსის რომაელებს მოუკლავთ წყურვილი. წყაროსთან ახლოს არის ორი „წმინდა“ თელა, სადაც გადმოცემის მიხედვით დავით გარეჯელმა დაისვენა. აქ ინთება სანთლები და ივნისის თვეში იმართება სოფლის დღესასწაული, დავით გარეჯობა.

სოფელში მდებარეობს „წმინდა გიორგის“ სახელობის ეკლესია, რომელის მე-20 საუკუნეში ააშენა ლერი მირაშვილმა.

ივრის ხეობაში მდებარეობს ივრის ნაკრძალი, რომელიც ადრიდანვე მდიდარი იყო ფლორით და ფაუნით. მდინარე იორი ჩამოუდის ნაკრძალს. ივრის გაღმა მდებარეობს „ბერების“ გამოქვაბული, რომელიც არის დავითგარეჯის კომპლექსის გაგრძელება.

ქვემო მაღაროდან რაიონული ცენტრამდე მანძილი 11 კმ-ია, სოფელში გადის ძველი რკინიგზა, არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, კულტსახლი, ამბულატორია, სტადიონი. სოფელი ელექროფიციტებული და გაზიფიცირებულია, უზრუნველყოფილია სასმელი წყლით და ინტერნეტით.

მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელს შეადგენდა 2757, 2019 წელს კი 1897 ადამიანს. 

 

გააზიარე